ჩინური ვაქცინის “სინოფარმის” წარდგენა
„სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვის ნიშნები არ არის, ამ ვაქცინით 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი“,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას აქტიურ კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ელოდება, თუ როდის გაივლის „სინოფარმი“ ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს.
ჩინური წარმოების ვაქცინა ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული. “სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს.
„სინოფარმი“ უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინა დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ არის. „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ამ ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საბჭოსთან მსჯელობს შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება ჩინური ვაქცინით საქართველოში ვაქცინაცია შესაძლებელი“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი. უნგრეთის გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, სინგაპურში, ეგვიპტეში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს განცხადებით, ვაქცინების მრავალფეროვნება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის გაფართოებას შეუწყობს ხელს.
„ჩინეთის გარდა, „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ვაქცინა ასევე ნაყიდი აქვს სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას, ბრაზილიას, ჩილეს. ევროპის ქვეყნებიდან ძალიან მაღალი აქტივობით იყენებს უნგრეთი, სერბეთი და დაახლოებით 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს.
„სინოფარმი“ არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული, ანუ ინაქტივირებულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა.
ამას გარდა, ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით აპრილის შუა რიცხვებში მიიღებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.
ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.
„ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია. ამის დასტური იქნება მოსალოდნელი ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუმცა, ამის დასტური უკვე გახლავთ მილიონობით ადამიანი, რომელიც ამ ვაქცინით უკვე აიცრა, რაც ქმნის ძალიან კარგ დაცვას როგორც მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების, ასევე ინფექციის გავრცელების კუთხით”,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„სინოფარმის“ ვაქცინა , რომ ტრადიციული და სანდო მეთოდითაა დამზადებული ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ლი იენმაც განაცხადა. დიპლომატის თქმით, ჩინური ვაქცინები ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
“ჩინური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს. ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. მსოფლიოში, ჩინეთი ყოველთვის ვაქცინის კვლევის, განვითარების, წარმოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. ჩინური ვაქცინები ეპიდემიის წინააღმდეგ, გლობალურ ომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამჯერად, ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო მეთოდითაა დამზადებული. ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დონე ძალიან მაღალია“,- აღნიშნა დიპლომატმა.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.