„სისხლის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება საქართველოში“
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლიეტუვას სისხლის ეროვნული ცენტრის დირექტორს დაუმანტას გუტაუსკას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების პროექტზე ისაუბრეს. უცხოელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაუჯობესების შესახებ თავიანთი ხედვა წარუდგინეს. შეთავაზებული იქნება რამდენიმე მოდელი, თუ როგორ მოხდება არსებული სისხლის ბანკების გარდაქმნა ერთ ცენტრალიზებულ და რამდენიმე რეგიონულ ბანკად, რა ვადებში შეიძლება რეორგანიზაციის პროცესის დასრულება და რა სამართლებრივი ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალური სისხლის ბანკი საქართველოში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხარისხის კონტროლის სათანადო მექანიზმების ჩამოყალიბებასა და მონიტორინგს.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტი ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების - ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ. ასევე დაგეგმილია ადამიანური რესურსების გადამზადება, რისთვისაც პროექტის პარტნიორი ქვეყნების ექსპერტები საქართველოში ტრენინგებს და სემინარებს ჩაატარებენ.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ლიეტუვას სისხლის ეროვნული ცენტრის დირექტორი დაუმანტას გუტაუსკასი ესწრებოდნენ.
ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „სისხლის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება საქართველოში“ 2020 წლის 15 იანვრიდან ხორციელდება.