შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო საზოგადოებასთან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სოფლის ექიმის პროგრამაში მიმდინარე სიახლეები გააცნო. მანვე ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მართვის გაუმჯობესებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულად ამოქმედების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის განვითარება მნიშვნელოვანია და სამინისტრო როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოცვის გაუმჯობესებისთვის, ინტენსიურად მუშაობს. მისივე თქმით, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის. თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათისაა და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას ემსახურება.