
ინფორმაცია თბილისის ბინების განაწილების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში, თბილისში, ბინას 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადასცემს.
ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 11 000-მდე იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. აღნიშნული ქულები სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სიის გამოქვეყნების შემდგომ, დევნილ ოჯახებს დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის 15-დღიანი ვადა მიეცათ და ეს პროცესი 7 მაისს დასრულდა. 15 სამუშაო დღის ვადაში, დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია შემოვიდა, რომლის საფუძველზეც დევნილი ოჯახების განაცხადები გადაფასდება. კორექტირებული სია სამინისტროს ვებ-გვერდზე 15 მაისს გამოქვეყნდება.
ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.
ამ ეტაპზე, თბილისში 258 ერთოთახიანი, 146 ოროთახიანი, 399 სამოთახიანი და 22 ოთხოთახიანი ბინა ნაწილდება.
გამოქვეყნებულ სიაში მინიჭებული ნომრები, პირობითია და არ განსაზღვრავს საცხოვრებელი ფართის გადაცემის რიგითობას. მონიტორინგის განყოფილება მინიჭებულ ქულებს გადაამოწმებს და დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის. გადამოწმებული განაცხადები, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება, რომელიც თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს, რის შემდგომაც საბოლოო სია გამოქვეყნდება.
ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.