
მცხეთაში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 120 დევნილ ოჯახს გადასცემს.
ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 190-მა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო.
დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები გამოქვეყნდა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ დამატებითი დოკუმენტაცია, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები კორექტირდა. კორექტირებული სია ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.
ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს.
მონიტორინგის განყოფილება მინიჭებულ ქულებს გადაამოწმებს და ამასთან, დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.
კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში ცხოვრობენ. ასევე, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალეა და მასში ჩართულები არიან სახალხო დამცველის აპარატის,საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.