პერინატალური და ნეონატალური სისტემის განვითარება საქართველოში
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ხაიმ შებას სახელობის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ და ვიზიტის პირველი სამუშაო შეხვედრა სასტუმრო ამბასადორში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად გამართეს. ებრაელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები წარუდგინეს. “ისრაელიდან ჩამოსული ჯგუფი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სიტუაციას შეისწავლის და შემდეგ კონკრეტულ სამოქმედო გეგმასა და რეკომენდაციებს მოგვცემს. მათი ვიზიტის მიზანია, რომ ამ სისტემამ უფრო ეფექტურად იმუშაოს და გართულებები მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან.”- განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
“აღნიშნული პროექტი საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირებას ემსახურება. ყოველივე ეს ამ ათასწლეულის განვითარების გეგმებს პირდაპირ უკავშირდება. ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.”- აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში როლანდ მონაშიმ.